გარემოს დაცვა
კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია გარემოს დაცვა და ეფექტიანი გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვა. ეს მიდგომა ყოველთვის გათვალისწინებულია საწარმოების დაგეგმარების პროცესში, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას და ყველა სხვა ოპერაციის განხორციელებისას.
2007-2008 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საწარმოებში, 99%-იანი ეფექტურობის მტვერდამჭერი ფილტრების დასამონტაჟებლად, 12 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
დღეისათვის ჰანიველ ცემენტი საწარმოების გაფრქვევის ძირითადი წყაროები აღჭურვილია ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით, საიდანაც მიღებული მონაცემები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
2018 წელს კასპში კლინკერის მშრალი ხაზით წარმოების ახალი ქარხნის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულმა პროექტმა, 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ბიუჯეტით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და შექმნა ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესაძლებლობა.
2023 წელს კასპის ცემენტის ქარხანაში განხორციელდა საბურავების ალტერნატიულ საწვავად გამოყენების პროექტი – მოეწყო საბურავების საწყობი და აშენდა საბურავების კლინკერის გამოსაწვავ ღუმელამდე მიტანის სისტემა. პროექტის განხორციელებამდე ქარხანა კლინკერის წარმოებისთვის საწვავად ქვანახშირს იყენებდა, პროექტის განხორციელების შემდეგ კი ქვანახშირის 5% ნარჩენი საბურავებით ჩანაცვლდა.
საქართველოში ნარჩენი საბურავები, ძირითადად, იყრება გარემოში ან ნაგავსაყრელებზე, რაც ნარჩენების მართვის იერარქიის ბოლო ეტაპია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენი საბურავებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგავსაყრელი და აღნიშნული ნარჩენები, უკეთეს შემთხვევაში, ხვდება სხვა ტიპის ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელებზე. პროექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში საბურავების მართვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2023 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 1-ელ თებერვლამდე კლინკერის წარმოებაში ალტერნატიულ საწვავად გამოყენებულ იქნა 1460 ტონა ნარჩენი საბურავი და მნიშვნელოვნად დაიზოგა ძირითად საწვავად გამოყენებული ქვანახშირის ამოწურვადი რესურსი.
2023 წელს ჰანიველ ცემენტის კასპის ცემენტის ქარხანაში წარმატებით დაინერგა, საერთაშორისოდ აღიარებული, ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული სტანდარტის დანერგვაზე კომპანიის სხვა საწარმოებშიც.