FB Linkedin X

თბილისიმარათონი 2024 იწყება

ყოველწლიური მასობრივი სპორტული ღონისძიება, რიგით მე-13 „თბილისიმარათონი“ სტარტს 22 სექტემბერს 08:00 სთ-ზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს.  პროექტის ფარგლებში, რომელიც  ქველმოქმედებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად, მარათონელები, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ უბნებს შემოირბენენ. ორგანიზატორები ამჯერად რეკორდული რაოდენობის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს ელოდებიან.

– „მოგეხსენებათ, თბილისიმარათონი სტარტს პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ რუსთაველის გამზირზე იღებდა, თუმცა მონაწილეების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე,  წელს ლოკაცია რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს. აღნიშნული ადგილმდებარეობა მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო კომფორტული სივრცეები მოვაწყოთ, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ორგანიზატორებისთვის, სპონსორებისთვის, მხარდამჭერებისთვის, და ა.შ.  ამავე ლოკაციაზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც. იგეგმება ბევრი სახალისო აქტივობა, რომელთა ნაწილს სიურპრიზად დავტოვებ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სტატისტიკა შარშანდელთან შედარებით უკვე გაორმაგებულია. ჩვენი ნახევარმარათონი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. უცხოელ მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის, თუმცა გარბენით აქ მყოფი ტურისტებიც ინტერესდებიან.

რაც შეეხება მარშრუტს, ძალიან სკრუპულოზურად არის შერჩეული და შესაბამისად, უცვლელად დარჩება, თუმცა, თუ  ადრე მონაწილეები ელბაქიძის მიმართულებით მიემართებოდნენ და მერე გადადიოდნენ მარჯანიშვილისკენ, ამ შემთხვევაში პირიქით მოხდება – მორბენალები გეზს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ აიღებენ, შემდეგ გზას თავისუფლების მიმართულებით გააგრძელებენ,   ლესელიძეზე გადავლენ და ა.შ.

ტრადიციულად, მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ, ირბინონ ბავშვებით, ძაღლებით, ეტლებით, ნებისმიერი მათთვის მოსახერხებელი ჩაცმულობითა და იმიჯით, დაფარონ მათთვის მისაღები მანძილი.   თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მონაწილეებს გარკვეული წესების დაცვა მაინც მოუწევთ.“, – განაცხადა პროექტის მენეჯერმა, მანჩო შაფაქიძემ.  

მისივე განმარტებით, მორბენალი ადამიანების უმრავლესობას  ქველმოქმედებაც აინტერესებს,  ბენეფიციარის დახმარებას ცდილობს და პარალელურად,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ეწევა.

„ეს ადამიანები დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ და შესაბამისად, მათთვის მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა, თუმცა ბუნებრივია, ინტერესი ამ მხრივაც დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისიმარათონი აღიარებული ღონისძიებაა, რეკორდსმენი სპორტსმენების შედეგები, თუ, რა თქმა უნდა, ასეთს ადგილი ექნება, მსოფლიო რეკორდების სიაში მოხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისიმარათონის დღე ყოველთვის განსაკუთრებულია. სხვა დროს ვერ ნახავ თავისუფალ, სპორტული აზარტით შეპყრობილ ქუჩებს მანქანების გამონაბოლქვის გარეშე. მონაწილეს ერთ დღეში შეუძლია, შემოირბინოს ძველი თბილისი და პარალელურად, დატკბეს სანახაობით.

ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება არის თითოეული ადამიანის შანსი, გამოცადოს საკუთარი თავი, დაისახოს გარკვეული მიზანი და იამაყოს საკუთარი მიღწევებით“, – აღნიშნა მანჩო შაფაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰანიველ ცემენტის ორგანიზებით, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, სპორტისა და  ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.  

თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

  1. ნახევარმარათონს (21.097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 50 ლარი;
  2. 10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 40 ლარი;
  3. ბავშვთა გარბენს (5-11 წლამდე – 500მ და 12-15 წლამდე – 1კმ) – რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰანიველ ცემენტი შერჩეულ ბენეფიციარს სრულად მოახმარს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.tbilisimarathon.ge/ka

20.05.2024